ქართველი სტუდენტები სიცილისა და ადამიანის საქციელის ამსხველი მუზეუმების შექმნას აპირებენ
რამდენად ხშირად დადიან ახალგაზრდები მუზეუმებში? ამ თემაზე “ფაქტმა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტების ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა. სულ გამოიკითხა 160 სტუდენტი. მართალია, ეს ის რიცხვი არაა, რომელიც შეიძლება, რეპრეზენტატული იყოს, ანუ გავრცელდეს გენერალურ ერთობლიობაზე, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც ქმნის დღევანდელი სტუდენტების დამოკიდებულებაზე მუზეუმების მიმართ. გამოკითხული სტუდენტების 92%-ს იმ მუზეუმების დასახელებაც კი გაუჭირდა, რომელთა არსებობაც გაუგიათ, რომ არაფერი ვთქვათ ამ მუზეუმების დათვალიერებაზე. სტუდენტების მიერ დასახელებული მუზეუმები იყო: თბილისის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის ეროვნული მუზეუმი, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ეროვნული მუზეუმის რამდენიმე განშტოება: საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი (სადაც ამჟმად რემონტი მიმდინარეობდს და ამის გამო შეწყვეტილია დამთვალიერებლების მიღება) და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (აქაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და დამთვალიერებელს შეუძლია, ესტუმროს მხოლოდ ოქროს ფონდსა და აღმოსავლურ დარბაზს, თუმცა ეს სიამოვნება გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული). სიღნაღის ფიროსმანის სახელობის მუზეუმი, ზუგდიდის მუზეუმი (დადიანების სასახლე), ფულის მუზეუმი, ქართული ემიგრაციის მუზეუმი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ყველაზე მცირე ინტერვალი, რომლითაც სტუდენტები სტუმრობენ მუზეუმებს, 4 თვეა. ესაა საუკეთესოი ვარიანტი. უმეტესობას კი სკოლის პერიოდის შემდეგ (როცა ბავშვები ინტენსიურად დაჰყავთ ექსკურსიაზე) ფეხი არ შეუდგამს მუზეუმში. აქედან გამომდინარე, არც ისაა გასაკვირი, რომ სტუდენტებს თითქმის არ ახსოვთ ის, რაც რამდენიმე წლის წინ ყველანაირი დაინტერესების გამო, უბრალოდ, გადაათვალიერეს. გამონაკლის შემთხვევებში იხსენებენ იმას, რაც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათთვის, მაგალითად, ნაპოლეონის ნიღაბს, ფიროსმანის ნახატებს, ჯაჭვის პერანგს, არმაზის ბილინგვას, ერეკლე მეფის დამბაჩას, ღვთისმშობლის კარედის ხატს, ოქროს ფონდში წარმოდგენილ სახეობებს და ა.შ. ფრაგმენტულად, ასე თუ ისე, ახსოვთ, ზოგადად კი იმისი შეფასება, თუ რა პრობლემებია დღეს საქართველოს მუზეუმების კოლექციებში, უზრუნველყოფილია თუ არა ქართული საგანძურის უსაფრთხოდ შენახვა, არ შეუძლიათ. მათი აზრით, ჩვენს მუზეუმებში არაა სათანადო პირობები იმისთვის, რომ შესაფერისად იყოს დაცული აქ წარმოდგენილი ექსპონატები. ნათქვამის დამადასტურებელ ფაქტებს, ან კონკრეტულ მუზეუმს ვერ ასახელებენ. ეს მხოლოდ ზოგადი წარმოდგენაა. სტუდენტებმა თეორიულად იცინ, რომ მუზეუმების არსებობა აუცილებელია, რომ ქვეყნის ისტორიის, ერის განვითარების გზის გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორედ მუზეუმების სტუმრობაა და უმეტესობას არ აქვს პასუხი, თუ რამ გამოიწვია დაცული სიძველეებისადმი ასეთი გულგრილობა ახალგაზრდებში. ის კი, ვინც ერთხელ მაინც დაფიქრებულა, ასეთ დასკვნამდე მივიდა: დღეს საქართველოში არ არის ისეთი ტიპის მუზეუმი, რომელიც დააკმაყოფილებდა მის ინტერესს. კითხვაზე, შესაძლებელი რომ იყოს, როგორი სახის მუზეუმის დაარსებას ისურვებდნენ, საკმაოდ ორიგინალური და ქართულ სინამდვილეში არცთუ ადვილად განსახორციელებელი პასუხები გასცეს. სტუდენტები სიამოვნებით ეწვეოდნენ: ავტომობილების მუზეუმს, ანტიკური ხანის საბრძოლო იარაღების მუზეუმს, ცვილის ფიგურების მუზეუმს, სიცილის მუზეუმს, ადამიანების საქციელის ამსხველ მუზეუმს და სხვა.
მარიამ ქვლივიძე

Комментариев нет:
Отправить комментарий